მიმოხილვა

ოქტომბერი 20, 2015

პრესის მიმოხილვა

newspressაკადემიკოსი კახა საბახტარიშვილი სიმსივნის მკურნალობის ძველ ქართულ რეცეპტებზე საუბრობს

მკვლევარისა და საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის კახა საბახტარიშვილის განცხადებით, კიბოს ძველ საქართველოში კიბორჩხალების მეშვეობით მკურნალობდნენ, რაც ეფექტიან შედეგს იძლეოდა.

ამ საკითხზე აკადემიკოსმა გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.

,,ძველ ქართულ წყაროებში სიმსივნის საწინააღმდეგო წამლის დამზადების ძალიან პოპულარული რეცეპტია აღწერილი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო XII საუკუნეშიც. ამ დაავადებას ,,კირჩხიბს” უწოდებენ. მაგალითად, X საუკუნის უნიკალურ ნაშრომში ,,უსწორო კარაბადინი” ეს სნეულება სწორედ ამ სახელწოდებით არის ცნობილი. შეიძლება სიმსივნის სახელწოდებაც ,,კიბო” აქედან მოდის.

ამ ცოდნას დღეს ,,ველურ დაკარგულ მეთოდიკებს“ უწოდებენ. ველურს იმიტომ, რომ მათში, თავის დროზე, იყენებდნენ ისეთ ნედლეულს, რომელიც დაკარგულია და დღეს ისევ რომ ჩავრთოთ მკურნალობის კურსში, ბევრმა შეიძლება ველურობად აღიქვას. მაგალითად, ჩვენამდე არის მოღწეული რამდენიმე “კარაბადინი”, სადაც ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ ადამიანს ახალდაკლული ქათმის ღვიძლს აჭმევდნენ. ამას ვეძახით ველურ მეთოდიკებს ქართულ ტრადიციულ მედიცინაში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგჯერ ამგვარ მკურნალობას ჩვენი წინაპარი გარანტირებული სიკვდილისგან გადაურჩენია. დღეს კი, XXI საუკუნეში, იგივე მეთოდი ვეღარ არჩენს. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დაკარგული მეთოდიკების შესწავლა და გაანალიზება ჯერჯერობით სწორად ან სრულად არ მომხდარა“,-ამბობს აკადემიკოსი.

საბახტარიშვილი ავთვისებიანი სიმსივნის კიბორჩხალით მკურნალობის უძველეს ქართულ რეცეპტზეც საუბრობს:

,,ძველ საქართველოში კიბოს ანუ ,,კირჩხიბს“, არც მეტი, არც ნაკლები, კიბორჩხალებით მკურნალობდნენ. 25 ცალი კიბორჩხალა კარგად უნდა გავრეცხოთ გამდინარე წყალში და ჩავაწყოთ სამლიტრიან თიხის ქილაში. დავასხათ არაყი და დავაყენოთ 30 დღის განმავლობაში. ჭურჭლის შიგთავსი ყოველდღიურად, 2-3-ჯერ მაინც შევანჯღრიოთ. ერთი თვის შემდეგ არაყი სხვა ჭურჭელში გადავიტანოთ, ხოლო კიბო გავახმოთ, დავაქუცმაცოთ და მისგან ფხვნილი მოვამზადოთ. შემდეგ ამ ფხვნილს დაახლოებით ერთი ჩაის კოვზის ოდენობით ყრიდნენ იმ არაყში, რომელშიც კიბორჩხალები თავდაპირველად ეწყო. ძველ ქართულ წყაროებში ის აღარ არის აღწერილი, თუ რამდენჯერ და რა რაოდენობით უნდა მიეღო პაციენტს ეს წამალი, მაგრამ ფაქტია, ამ რეცეპტს ადრე ფართოდ იყენებდნენ ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ“,-აცხადებს საბახტარიშვილი.

რეცენზია