მიმოხილვა

სექტემბერი 12, 2016

ქოლესტერინი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ქართველი მეცნიერი და ჰომეოპათი კახა საბახტარიშვილი ირწმუნება, რომ ქოლესტერინით მდიდარ საკვებს ათეროსკლეროზთან და მის გართულებებთან – ინფარქტთად, ინსულტთან და არტერიულ ჰიპერტენზიასთან საერთო არაფერი აქვს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ანტიქოლესტერინული კომპანია შეცდომით წამოიწყო.

– მასობრივი ანტიქოლესტერინული კამპანია მთელ მსოფლიოშია მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სისხლში ქოლესტერინის ჭარბი შემცველობა ათეროსკლეროზია და მისი გართულებების – ინფარქტისა და ინსულტის ძირითად მიზეზად გამოაცხადა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მთელი მსოფლიოს ექიმებმა გამოაცხადეს ბრძოლა ქოლესტერინით მდიდარი საკვების წინააღმდეგ. ამ კამპანიამ მასობრივი ხასიათი მიიღო ამერიკაში, სადაც ინფარქტისა და ინსულტის თავიდან ასაცილებლად ლამის მთელმა მოსახლეობამ დაიწყო დაბალქოლესტერინული დიეტების დაცვა. ფარმაცევტულმა კომპანიებმა კი უზარმაზარი მოგება მიიღეს სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატების გაყიდვით.
შედეგი სავალალო აღმოჩნდა – ანტიქოლესტერუნული კამპანიის მხვერპლი გახდა მილიონობით ადამიანი, მათ შორის თვით ამერიკის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი. მას შემდგომ, რაც მან მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, ამერიკის საუკეთესო ექიმებისგან შემდგარმა კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ განმეორებითი ინფარქტის თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტისთვის უცხიმო, დაბალქოლესტერინული დიეტები დაენიშნათ. შედეგად, მიიღეს განმეორებითი ინფარქტების სერია, რაც საბოლოოდ პრეზიდენტის სიკვდილით დასრულდა.
დიახ, დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ იგი სწორედ დაბალქოლესტერინულმა დიეტებმა იმსხვერპლა.

– რატომ მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი დაბალქოლესტერინულმა დიეტებმა იმსხვერპლა?
– საქმე ისაა, რომ ქოლესტერინი, რომელიც ცხიმის მსგავსი ნივთიერებების ჯგუფს მიეკუთვნება, ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ქოლესტერინი წარმოადგენს „სამშენებლო მასალას“ თავისა და ზურგის ტვინისთვის. ქოლესტერინის მარაგის 23% თავის ტვინშია. ადამიანის სასქესო ჰორმონებიც სხვა არაფერია, თუ არა ქოლესტერინი. გარდა ამისა, ქოლესტერინი მონაწილეობს ორგანიზმისთვის აუცილებელ D ვიტამინის სინთეზში. სწორედ ქოლესტერინისგან ხდება ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღვლის წვენის ფორმირება. დედის რძე დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, მის გარეშე წარმოუდგენელია ბავშვის სრულფასოვანი ზრდა.
ბევრმა არ იცის, რომ ქოლესტერინის 80%-ს თვითონ ადამიანის ორგანიზმი – ძირითადად, კი ღვიძლი გამოიმუშავებს, დანარჩენ 20%-ს კი ადამიანი საკვების სახით იღებს.
როდესაც ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინის ნაკლებობაა ქოლესტერინის შემცველი საკვების შეზღუდვის გამო:
1. ნაკლებად გამომუშავდება სასქესო ჰორმონები. ე.ი. მამაკაცები განწირულები არიან იმპოტენციისთვის, ქალები კი ფრიგიდულები ხდებიან;
2. ნაკლებად გამომუშავდება D ვიტამინი, რასაც თან სდევს კალციუმის ნაკლოვანებაც;
3. ირღვევა ნერვული სისტემის ფუნქციები, ვითარდება მეხსიერების დაქვეითება, პარკინსონის დაავადება და სხვ.
ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ გართულებებისა, რაც უცხიმო, ქოლესტერინის დაბალი შემცველობის ე.წ. დიეტებმა შეიძლება გამოიწვიოს. ამის შემდეგ გიკვირთ, თუ რამ განაპირობა დუაიტ ეიზენჰაუერის ინფარქტით სიკვდილი?

– გამოდის, ქოლესტერინის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მცდარია?
– ვერ გეტყვით, ეს აჟიოტაჟი რამდენად ემსახურება მსოფლიო ფარმაცევტული კომპანიების ინტერესებს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი სხვადასხვა პრეპარატების გაყიდვით ყოველდღიურად უზარმაზარ შემოსავალს იღებენ, მაგრამ რამდენიმე ფაქტს დაგისახელებთ:
1. ოხოტის ზღვის მეთევზეები, რომლებიც „ლოსოსის“ ჯიშის თევზს მოიპოვებენ, დღეში 1-2 კგ. ნედლ ხიზილალას მიირთმევენ, რომელშიც ქოლესტერინის უმაღლესი შემცველობაა, მაგრამ ამ მეთევზეებს ასეთი კვების მიუხედავად ინფარქტი და ინსულტი ძალზე იშვიათად უვითარდებათ.
2. ალიასკაზე მცხოვრები ესკიმოსები საკვებად ქოლესტერინით გაჯერებულ სელაპის ხორცს მიირთმევენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთოდ არ იციან, რა არის მაღალი წნევა.
3. ამერიკაში სადაც ლამის უქოლესტერინო საკვების კულტია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გადაცვლილთა რიცხვი ლამის 3-ჯერ აღემატება საფრანგეთის მაჩვენებელს, რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ყოველდღიური კერძია ცხიმით მდიდარი ტრადიციული საკვები და მათ შორის, ბატის ხორცი.
4. სამხრეთ ინდოეთში 20-ჯერ მეტ ხორცეულსა და ქოლესტერინის შემცველ პროდუქტს მოიხმარენ, ვიდრე ჩრდილოეთ ინდოეთში, მაგრამ ჩრდილოეთ ინდოეთში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი 7-ჯერ აღემატება სამხრეთ ინდოეთის მაჩვენებელს.

– მაშინ საიდან წამოვიდა თეორია ქოლესტერინის მავნებლობის შესახებ?
– 1912 წელს ცნობილი რუსი კარდიოლოგის, აკადემიკოს ანიჩკოვის მიერ წამოყენებული იქნა ძალზე მცდარი თეორია ათეროსკლეროზის წარმოშობის შესახებ. აკადემიკოსის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ საცდელად მან გამოიყენა კურდღლები, რომლებსაც ზემოხსენებული კარდიოლოგი გაძლიერებულად კვებავდა ქოლესტერინით, ძირითადად, ცოველური ცხიმებით. ასეთი კვების წყალობით კურდღლებს ნამდვილად ულაგდებოდათ ცხიმი სისხლძარღვთა კედლებზე და ძალზე მალე იღუპებოდნენ.
დავიწყოთ იქედან, რომ ეს ექსპერიმენტი თავიდანვე იყო განწირული. კონკრეტულად, კურდღელი ბალახისმჭამელი ცხოველია და მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა და ფერმენტები გადაწყობილია მხოლოდ მცენარეული საკვების გადამუშავებაზე. ამიტომ როდესაც კურდღელს ძალით აჭმევდნენ ხორცს, კურდღლის ორგანიზმში ეს ხორცი, ცხიმები, ქოლესტერინი უნდა დაშლილიყო გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად, რომლის გადამამუშავებელი ფერმენტი კურდღლის ორგანიზმში არა რსებობს. აქედან გამომდინარე, ქოლესტერინის გადამუშავება არ ხდებოდა და იგი ქოლესტერინული კომპლექსის სახით ილექებოდა სისხლძარღვთა კედლებზე. ეს კი ინფარქტს და ინსულტს იწვევდა. ადამიანისა და კურდღლის საჭმლის მომნელებელი სისტემა კი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ქოლესტერინული თეორიის ფუძემდებლის – ანიჩკოვის მთავარი შეცდომაც ესაა!

რეცენზია