მიმოხილვა

ივლისი 10, 2016

სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები

“რაც კი დღეს ამერიკელებსა და იაპონელებს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები აქვთ, ყველაფერი ალექსანდრე გაჩეჩილაძის იდეების საფუძველზე შექმნეს”, – კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატ “კატრექსისა” და მისი ავტორის ალექსანდრე გაჩეჩილაძის საეჭვო ვითარებაში დაღუპვის შესახებ ქართველი მკვლევარი და ჰომეოპათი კახა საბახტარიშვილი საუბრობს…

– ბატონო კახა, სად და რა ვითარებაში შეხვდით პრეპარატ „კატრექსის“ ავტორ ალექსანდრე გაჩეჩილაძეს?
-1986 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, მუშაობა კათედრაზე გავაგრძელე. იმ პერიოდში გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა ცნობილი ონკოლოგის, ონკოცენტრის დირექტორის, აკადემიკოს ლუარსაბ შარაშიძის წერილი, სადაც მიწასთან იყო გასწორებული პრეპარატ „კატრექსის“ ავტორის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატ ალექსანდრე გაჩეჩილაძის პერსონა. წერილის წაკითხვისთანავე საკუთარ თავს კითხვა დავუსვი – ალექსანდრე გაჩეჩილაძე, რომლის სახელიც, ფაქტობრივად, არავინ იცის, ან მართლაც აფერისტია, ან კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მსოფლიო დონის აღმოჩენა გააკეთა, რომელმაც სამედიცინო ნომენკლატურა შეაწუხა-მეთქი. ძალიან დამაინტრიგა იმან, რატომ დაუთმო „კომუნისტმა“ სრულიად უცნობ კაცს ამოდენა წერილი, თანაც უზარმაზარი ონკოცენტრის დირექტორის ავტორობით. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დავინტერესდი ალექსანდრე გაჩეჩილაძის პიროვნებით და მას ანტონოვსკაიას ქუჩაზე მივაკითხე, სადაც ის ოთხი თანამშრომლის დახმარებით, საშინელ კუსტარულ პირობებში აწარმოებდა „კატრექსს“. პირდაპირ გეტყვით – იმ დღეს მე გენიოსს შევხვდი!

– რის საფუძველზე მზადდებოდა პრეპარატი „კატრექსი“?
– თურმე, გაჩეჩილაძეს 20 წლის შექმნილი ჰქონდა „კატრექსი“, რომელიც მან ზვიგენის ერთ-ერთი სახეობის – კატრანის ღვიძლის თერმული დამუშავების გარეშე მიიღო. პრეპარატში კატრანის გამოყენებისკენ კი ერთმა ფაქტმა უბიძგა – ფრანგები ატომურ გამოცდებს აწარმოებდნენ ერთ-ერთ კუნძულთან ახლოს, სადაც აბსოლუტურად ყველა ცოცხალი არსება გაწყდა, ზვიგენების გარდა. საერთოდ, ზვიგენი და ნიანგი ორად ორი არსებაა, რომლებმაც გამყინვარებას გაუძლეს და დღემდე პირველადი სახით შემორჩნენ დედამიწაზე. დანარჩენი ცხოველები ან გადაშენდნენ, ან მუტაცია განიცადეს. სწორედ ეს ფაქტი გახდა გაჩეჩილაძისთვის ამოსავალი წერტილი.

რატომ არ იხოცებოდნენ ზვიგენები რადიაციული დასხივებით და რაღა მაინცდამაინც ზვიგენის ღვიძლზე შეაჩერა გაჩეჩილაძემ ყურადღება?
– იმიტომ, რომ ღვიძლი ორგანიზმის მთავარი ორგანოა, რომელსაც 500-ზე მეტი ფუნქცია აქვს. ღვიძლის უპირველესი დანიშნულებაა დეტოქსიკაცია, ანუ შხამების განეიტრალება. გაჩეჩილაძე მიხვდა, რომ სწორედ ზვიგენის ღვიძლში იმალებოდა ანტისიმსივნური და ანტირადიაციული მახასიათებლები. ამიტომაც შეაჩერა ყურადღება ზვიგენისებრთა ოჯახის წარმომადგენელზე – შავი ზღვის კატრანზე. ფოთში კატრანებს ღვიძლს უღებდნენ, სპეციალური კამერებით უკვე 7-8 საათში თბილისში ჩამოჰქონდათ და ლაბორატორიაში ამუშავებდნენ.

– ვინ იყვნენ „კატრექსის“ მომხმარებლები და რა თვისებები გამოავლინა პრეპარატმა?
– „კატრექსს“ გაჩეჩილაძე მოხალისეებს აძლევდა და აკვირდებოდა. „კატრექსმა“ მართლაც უნიკალური თვისებები გამოავლინა – უსწრაფესად აქრობდა ანთებას, საოცარი შედეგები ჰქონდა ჩერნობილში რადიაციით დასხივებულ ადამიანებზე… აქედან გამომდინარე, „კატრექსი“ იყო არა იმუნოსტიმულატორი, არამედ იმუნომოდულატორი.

– როგორ მკურნალობდნენ ჩერნობილში რადიაციით დასხივებულ ადამიანებს?
– ჩერნობილში დასხივებული ადამიანების სამკურნალოდ არა მარტო „კატრექსი“, არამედ საფერავიც გაიგზავნა, რომელზეც უკრაინელი მეცნიერები კვლევებს აწარმოებდნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ „კატრექსისა“ და საფერავის გამოყენებით დასხივებულ ადამიანებს რადიაციის დონე უსუსტდებოდათ, ანთებები იკურნებოდა, სისხლის მდგომარეობაც მკვეთრად უმჯობესდებოდა.

– რამდენ ხანს იმუშავეთ გაჩეჩილაძესთან და რას გვეტყვით ამ პერიოდზე?
– გაჩეჩილაძესთან ოთხი წელი ვიმუშავე. „კატრექსს“ ინექციის სახით ვამზადებდით. მუშაობას პირადად აკონტროლებდა საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის მინისტრი ევგენი ჩაზოვი. გაჩეჩილაძე ამერიკაშიც მიიწვიეს, სადაც მან უსერიოზულესი ლექციები წაიკითხა როგორც „კატრექსზე“, ისე სიმსივნესა და შიდსთან წინააღმდეგ ბრძოლაზე. ლექციებს შედეგად მოჰყვა ის, რომ სულ მოკლე ხანში ამერიკელებმა „კატრექსის“ ყველაზე ცუდი ვარიანტი – „ზვიგენის ხრტილი“ შექმნეს და ეს იმიტომ, რომ „კატრექსი“ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაპატენტებული. გაჩეჩილაძე ლექციების წასაკითხად იაპონიაშიც მიიწვიეს და ჩათვალეთ, რომ, რაც კი დღეს ამერიკელებსა და იაპონელებს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები აქვთ, ყველაფერი ალექსანდრე გაჩეჩილაძის იდეების საფუძველზე შექმნეს.

– რატომ ვერ მოხერხდა „კატრექსის“ სრულყოფა?
– საბჭოთა კავშირი იშლებოდა, არანაირი დაფინანსება არ არსებობდა და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ პრეპარატი ვერ დაიხვეწა. ზემოთ ნიანგი შემთხვევით არ მიხსენებია… უკრაინაში ერთ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს შევესწარი, რომელზე საუბარიც აკრძალული მქონდა, მაგრამ ახლა ვიტყვი: ერთ სინჯარაში მოათავსეს C ჰეპატიტის, კიბოს, შიდსისა და ყველანაირი ვირუსის შემცველი შტამი. ამავე სინჯარაში ჩაასხეს ერთი წვეთი ნიანგის სისხლი და 3-4 დღის შემდეგ აბსოლუტურად ყველა უჯრედი დაიხოცა. ნიანგს ორგანიზმშიც შეუყვანეს ეს საშინელი უჯრედები, მაგრამ ნიანგმა ყველა ეს დაავადება „მოინელა“ და გადარჩა. ის კი არა, ბოლოს ორგანიზმში რადიაციული კაფსულაც კი ჩაუდგეს, მაგრამ – არანაირი ცვლილება. აქედან გამომდინარე, მეცნიერთა დასკვნა ასეთია – ზვიგენისა და ნიანგის ორგანიზმი არც ერთი დაავადებით არ ავადდება და ისინი რადიაციასაც კი უძლებენ. გაჩეჩილაძე კატრანის ღვიძლამდე სწორედ ამ გზამ მიიყვანა.

IMG_1722
– გაჩეჩილაძეს თითქმის ნაპოვნი ჰქონდა მძიმე დაავადებების, მათ შორის კიბოს დამარცხების ფორმულა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მეცნიერი ძალიან საეჭვო ვითარებაში აღესრულა – სავარაუდოდ, მოწამლეს. თუმცა, საბედნიეროდ, ჩემთან დარჩა მისი ნაშრომების დიდი ნაწილი და თუ სახელმწიფოს ძალისხმევაც იქნება, 4-5 წელიწადში მკვლევართა ჯგუფი, რომელშიც მეც შევდივარ, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ გადატრიალებას მოვახდენთ!

რეცენზია